"კიბო" უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა; ეს არის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. იმის გაგება, თუ რა არის კიბო, ასევე დიაგნოზის დასმის შემდეგ შენი ცხოვრების მართვა მოითხოვს გამბედაობას, სიფრთხილეს და სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
მაშ, ზუსტად როგორ განვსაზღვროთ, რა არის კიბო?
უმარტივესი სიტყვებით რომ ვთქვათ, კიბო არის ორგანიზმში გადაგვარებული უჯრედების უკონტროლო ზრდა. ამ უჯრედებს შეუძლიათ გამოიწვიონ სიმსივნეები, დაარღვიონ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება და გავრცელდნენ მთელს სხეულში. კიბო კომპლექსური დაავადებაა და მისი მკურნალობა ყოველთვის მისივე ბუნების გაცნობიერებით იწყება.
კიბოს დიაგნოზის გაგება შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს. ასეთ დროს ნეგატიური ემოციები, როგორიცაა შიში, დაბნეულობა და გაურკვევლობა ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა, მინდა დაგარწმუნო, დიდ სირთულეებთან ერთად, ეს მომენტი ერთდროულად ნიშნავს შენი ცხოვრების ახალი თავის დასაწყისს, რომელიც მოიცავს გამძლეობას, იმედს და პროაქტიულ ნაბიჯებს შენი განკურნებისკენ.
დიაგნოზის შემდეგ, პირველი, რაც უნდა გააკეთო ეს არის დახმარებისა და ინფორმაციის მოძიება.
როგორც არაჰოჯკინის ლიმფომასგან გადარჩენილი და ყოფილი ონკოპაციენტი, მოგიწოდებ, რომ არ ჩაიკეტო. შემოიკრიბე ირგვლივ საყვარელი ადამიანები, ნაცნობები, უცნობები, ჯანდაცვის პროფესიონალები, გაწევრიანდი მხარდაჭერის ჯგუფებში. ასე შენ მიიღებ ყველაზე მთავარს - ემოციურ მხარდაჭერას და დროულ, ღირებულ ინფორმაციას, როგორც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტის შესახებ. კიბოს მკურნალობა ფართო ცნებაა და შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, იმუნოთერაპიას ან მათ კომბინაციას. მჭიდროდ ითანამშრომლე შენი ექიმების გუნდთან, კონსილიუმთან, რათა დადგინდეს საუკეთესო მკურნალობის მეთოდი შენი სიტუაციის შესაბამისად.
დიაგნოზის შესახებ სპეციფიკური დეტალების გაგება გადამწყვეტია მკურნალობის ეფექტურად წარმართვისთვის. არ შეგეშინდეს ისეთი ინფორმაციის გაგების, როგორიცაა შენი კიბოს სახეობა, მისი სტადია და რეკომენდებული მკურნალობის გეგმა. დასვი კითხვები, გაიზიარე რჩევები მათგან, ვინც უკვე გაიარა ეს გზა და დღეს გამარჯვებულები არიან.
მკურნალობისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას. მიირთვი ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული. იყავი ფიზიკურად აქტიური, მაგრამ ზედმეტად არ გადატვირთო დატვირთო სხეული. აუცილებელია ღია ჩაიტარე რეგულარული სკრინინგი, სისხლის ანალიზი, გამოკვლევები. არ მოგერიდოს დისკუსიის გამართვა პირად ონკოლოგთან შენი მკურნალობის პროგრესის, გვერდითი ეფექტების ან თანმხლები გართულებების შესახებ, იქნება ეს ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემები.
პრიორიტეტი მიანიჭე შენს მენტალურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობას. განიხილე ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა მედიტაცია, დღიურის წერა ან ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია სტრესის, შფოთვისა და ემოციური გამოწვევების სამართავად.
წაიკითხე სამოტივაციო სტატიები, ბლოგები და წიგნები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც უკვე დაძლიეს კიბო. ასეთ ისტორიებს სასწაულების მოხდენა შეუძლია - ჩაგინერგავს მოტივაციას, შთაგაგონებს და დაგეხმარება კიბოს დაამარცხებაში, შიშის გარეშე.
არ გაგიკვირდება თუკი გეტყვი, რომ კიბოს დიაგნოზი ემოციურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტზე, არამედ მათ ახლობლებზეც. ამიტომ იყავი ინიცატორი და ხშირად ისაუბრე. ისაუბრე ღიად, მხარი დაუჭირე, გამოხატე თანაგრძნობა და სიყვარული.
გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ
კიბოსთან გამკლავება, უდავოდ, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. მაგრამ დაიმახსოვრე, ბევრმა ადამიანმა უკვე გაიარა ეს გზა, რომლებიც ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით პოულობდნენ ძალას, იმედსა და გამძლეობას.
გზა, რომელიც შორია, შეიძლება შემაძრწუნებელი ჩანდეს, მაგრამ გამბედაობით, სიფრთხილითა და ძლიერი მხარდაჭერის სისტემით შესაძლებელია ამ მოგზაურობის მართვა და წარმატების მიღწევა, გაძლიერება, გამოჯანმრთელება. ყოველი ნაბიჯი, რასაც დგამ კიბოსთან ბრძოლის გზაზე, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ შენს გამბედაობასა და სიცოცხლის სიყვარულზე.
გახსოვდეს, ყოველი გათენებული დღე არის ახალი შესაძლებლობა იმედისა და წინსვლისთვის შენი "მკურნალობის ხანგრძლივ მოგზაურობაში."
დარჩი ძლიერი. სიყვარულით, ნინა
Comments