top of page
Writer's pictureNina Linchiki

ნუ გეშინია: რაც ხდება, ყველაფერი ხდება რაღაც უკეთესისთვის


Hug

„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...

(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ...“

- ნოდარ დუმბაძე „მარადისობის კანონი“

The turning point ანუ შემობრუნების წერტილი ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დგება, განიცდი დიდ ტანჯვას.

ეს არის დრო, როცა ერთიანად გატყდება თავს მძიმე დაავადება, პანიკა, შფოთვა, დაბნეულობა, შესაძლოა, მარტოობის განცდაც და დეპრესია.

თითქოს, ცა ჩამოიქცა.

საწყის ეტაპზე განიცდი ფიასკოს. ბევრი "რატომ" შეკითხვა მოგდის თავში და განაწყენებული სახით ეკითხები საკუთარ თავს, სამყაროს ან ღმერთს:

რატომ ხდება ეს? რატომ მე? რატომ უნდა ვიტანჯებოდე? რატომ უნდა ვთმობდე ჩემს ოცნებებსა და მიზნებს? რატომ გადაწყვიტა ზოგმა ახლობელმა ჩემი მიტოვება? და ასე შემდეგ...

უსამართლობისა და შიშის განცდები, და ეჭვი - ძალიან ბევრი ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებ გამოჯანმრთელებას. ეს გარდაუვალია.

ფაქტობრივად, ეს არის ის "ცვლილებების ქარიშხალი," რომელიც რადიკალურად შემოაბრუნებს შენს ცხოვრებას. დიახ, სწორედ ეს არის შემობრუნების წერტილი და თუ ახლა დანებდები, ყველაფერს დაკარგავ.

რაც ხდება, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სტადიის სიმსივნე გაქვს. თავად სიტყვა კიბო ატარებს იმდენად ღრმა შინაარსს, რომ მასთან ასოცირებული განცდები და ემოციები არ გაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას.

როდესაც ფოკუსირდები ტკივილზე ან შიშზე, ნამდვილად რთულია შეამჩნიო შენს ირგვლივ არსებული პატარ-პატარა სასწაულები. თავად დაავადება, როგორც განსხეულება იმისა, რომ "რაღაც უნდა შეიცვალოს," იწყებს სარკის მსგავს ფუნქციონირებას. ამ უსიამოვნო სარკეში ჩახედვისას შენ ეჩეხები დიაგნოზის დასმის დღიდან გადატანილ ცვლილებებს - შეცვლილ გარეგნობას, განწყობების მონაცვლეობას, მკურნალობის გვერდით ეფექტებს, და ჭრილობებს. ჭრილობები, რომლებიც შენი არსებობის გამოძახილია, აგრეთვე გახსენებს შენს ნამდვილ იდენტობას, რომ ონკოპაციენტობის მიღმა შენ არსებობ, როგორც ქალი, კაცი, პიროვნება და ადამიანი.

ამ დაკვირვების პროცესში, ნელ-ნელა ამჩნევ, რომ დაავადების სიმპტომების გარდა, არის კიდევ რაღაც, რაც შენში თავის გამოხატულებას ჰპოვებს:

ასე, შენ იწყებ საკუთარ თავში ახალი რესურსებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას. ცხოვრებაც მეტად ძვირფასი ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე. ასე ხდები ძლიერი.

ეს არის კრიტიკული მომენტი, სადაც შენი პიროვნული ტრანსფორმაცია იწყება.


სიყვარულით, ნინა

Comments


bottom of page